საქართველომ მაღალი ტექნოლოგიების ექსპორტი უნდა დაიწყოს - ამის შესახებ დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომელიც საქართველოში წარმოებულ უპილოტო საჰაერო სისტემას გაეცნო.
პრეზიდენტის თქმით, სისტემა პირველი მაღალტექნოლოგიური ქართული პროდუქტია.
„ეს არის პერსპექტივა, რომ ბევრად უფრო დახვეწილი პროდუქცია გავაკეთოთ. ძალიან ცოტა ქვეყანას აქვს მსგავსი ტექნოლოგია. ამას სამხედროს გარდა, ინტელექტუალური ტექნოლოგიების განვითარების თვალსაზრისით, კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისი თქმით, სამხედრო ტექნოლოგიების ფაკულტეტზე ჩაბარების მსურველთა ახალგაზრდების რაოდენობა გაიზარდა.
„საქართველოში ახალგაზრდები მიხვდნენ, რომ ამ დარგს დიდი პერსპექტივა აქვს. პირველ რიგში პერსპექტივა აქვს ქვეყნის თავდაცვისთვის და შემდეგ კომერციალიზაციის თვალსაზრისით“ - აღნიშნა სააკაშვილმა.
მისივე განცხადებით, ქართველებს სამხედრო ინჟინერიის ნიჭი აქვთ.
„ეს არის დასაწყისი. საქართველოს მაღალი ტექნოლოგიების თვალსაზრისით ახალი სფერო ეხსნება. ჩვენ თუ წელიწადნახევარში ეს შევქმენით, კიდევ ერთ წელიწადში ისე დავხვეწთ, რათა ყველა მსოფლიო ანალოგს გავუტოლდებით“ - განაცხადა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტმა ასევე, აღნიშნა, რომ საქართველომ მაღალი ტექნოლოგიების ექსპორტი უნდა დაიწყოს.
ახალი უპილოტო საჰაერო სისტემა დღეს გამოიცადა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მისი გამოცდა ურთულეს რელიეფურ და კლიმატურ პირობებში მოხდა. იგი შედგება საჰაერო აპარატისა და სახმელეთო სეგმენტებისაგან. ფრენის მართვა პროგრამული უზრუნველყოფით ხორციელდება. საჰაერო აპარატი შიგაწვის ძრავითაა აღჭურვილი. აფრენა პნევმატური კატაპულტის მეშვეობით ხორციელდება.
უპილოტო საფრენი აპარატი უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი სისტემაა. ის გამოიყენება რთული (საბრძოლო) მისიების წარმოების დროს, ასევე სხვადასხვა მიზნებისთვის - სასაზღვრო პატრულირება; დაზვერვა/თვალთვალი; საჰაერო ფოტოგადაღება; დაზვერვა გეოფიზიკური მეთოდებით; სტიქიური უბედურებების მონიტორინგი; სანაპირო დაცვის უზრუნველყოფა; რადიაციის შემოწმება/კონტროლი; დღის/ღამის დაზვერვა; ბრძოლის ველის მეთვალყურეობა; მიზნის დადგენა; რადიო და რადიოტექნიკური დაზვერვა; ბრძოლის ველზე ზარალისა და მსხვერპლის შეფასება.
მისი ტექნიკური მახასიათებლებია - ფრენის ხანგრძლივობა – 8 საათი; ფრენის სიმაღლე – 100-3000 მეტრი; სიჩქარე – 60-160 კმ/სთ. სასარგებლო ტვირთი - ორკამერიანი ვიდეოპლატფორმა, ფოტოკამერა, თერმული კამერა და ინფრაწითელი კამერა.
უპილოტო საჰაერო სისტემის გამოყენების დროს საფრენი აპარატის მიწაზე დაშვებისას პარაშუტი იხსნება და ამავე დროს ზედმეტი დაზიანების შემსუბუქების მიზნით უსაფრთხოების ბალიში იბერება. სისტემა ნებისმიერ კლიმატურ პირობებში და ასევე ტემპერატურის მნიშვნელოვანი გრადაციის შემთხვევაში გამოიყენება.

















