პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ჯონდი ბაღათურიას მოუწოდებს, რომ 26 მაისს პარლამენტის სხდომების ქუთაისში ჩატარებას ნუ ეწინააღმდეგება.
„ბატონო ჯონდი, ქუთაისში თუ აპირებთ ჩასვლას, ყველაზე რეალური შანსი 26 მაისს გაქვთ და ინიციატივას ნუ ეწინააღდმეგებით“ – მიმართა დავით ბაქრაძემ ბაღათურიას.
ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ბაღათურიამ რეგლამენტში შესატანი ის ცვლილებები გააპროტესტა, რომელიც პარლამენტის სხდომების ქუთაისში გამართვას ეხება.
ბაღათურიას საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ხათუნა გოგორიშვილიც გამოეხმაურა.
„ბატონო ჯონდი, თქვენი ბოლო 2–3–თვიანი კასტინგი იმისკენ არის მიმართული, რომ იქნებ როგორმე მოხვდეთ, თქვენი აზრით, ჯერ არაშენებულ პარლამენტში. დანამდვილებით ვიცი, რომ თუ ბედმა გაგიღიმათ და სიაში მოხვდით, პირველი თქვენ იქნებით, რომელიც ქუთაისში იმ შენობაში შესასვლელად ყველას ჩაასწრებს“ – მიმართა გოგორიშვილმა ბაღათურიას.
„ქართული დასის“ ლიდერმა უმრავლესობას მოუწოდა, რომ პრეზიდენტის მოწოდება არ გაითვალისწინონ და პარლამენტის სხდომა ქუთაისში არ გამართონ.

















