1 მაისიდან პარლამენტის სხდომის ქუთაისში ჩატარებას „ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურია ანტიკონსტიტუციურს და ანომალურს უწოდებს.
ეს განცხადება ბაღათურიამ დღეს პარლამენტის სხდომაზე მას შემდეგ გააკეთა, რაც საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ხათუნა გოგორიშვილმა პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები განსახილველად წარადგინა.
ახალი კანონპროექტით დგინდება, რომ 2012 წლის 1 მაისიდან, პარლამენტის პლენარული სხდომები შეიძლება ჩატარდეს, როგორც თბილისში, ისე ქუთაისში.
ბაღათურიას განცხადებით,პრეზიდენტმა თავი ვერ შეიკავა და თქვა, რომ პარლამენტის სხდომა ქუთაისში უნდა გაიმართოს, არადა, შენობა ჯერ დამთავრებული არ არის.
„მთელმა პარლამენტმა მასხარებივით უნდა ვირბინოთ წინ და უკან? ჩვენ თუ პრეზიდენტის ჭკუაზე ვიარეთ, არ გამიკვირდება რომ ერთ დღეს თქვას, პარლამენტის სხდომა ბათუმში ან ზუგდიდში უნდა გაიმართოსო“ – განაცხადა ბაღათურიამ და უმრავლესობას შესთავაზა კარავი დადგან, აქეთ–იქით ატარონ და სხდომები კარავში გამართონ.
ბაღათურიას თქმით, უცხოურ მედიაში პარლამენტს ისედაც რეზინის შტამპად მოიხსენიებენ და ამიტომ თავი უხერხულ მდგომარეობაში არ უნდა ჩაიყენონ.

















