ცხინვალის ოპოზიციის ლიდერმა ალა ჯიოევამ შესაძლოა რუსეთისა და სტრასბურგის სასამართლოებს მიმართოს.
ჯიოევას შესაბამის განცხადებას ოსური მედია ავრცელებს.
ოპოზიციის ლიდერმა სპეციალური განცხადებით დე-ფაქტო პრემიერ-მინისტრ ვადიმ ბროვცევს მიმართა. განცხადებაში ჯიოევა ბროვცევისგან ითხოვს იმის ახსნას, თუ რას უკავშირდება ძალოვნების "ვიზიტი" მის შტაბში, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში აღმოჩნდა.
ოპოზიციის ლიდერმა აღნიშნა, რომ ვინაიდან მას რუსეთის მოქალაქეობა აქვს, აპირებს მომხდარის გამო რუსეთის სასამართლოში სარჩელი შეიტანოს, საჭიროების შემთხვევაში კი მზად არის სტრასბურგის სასამართლოშიც იჩივლოს.
ოსმა ძალოვნებმა ჯიოევას შტაბი 9 თებერვალს შტურმით აიღეს, რის შემდეგაც მან ინსულტი გადაიტანა და ნაწილობრივ პარალიზებულია. იგი 10 თებერვალს ინაუგურაციას გეგმავდა. 2011 წლის 30 სექტემბერს დაგეგმილი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით ალა ჯიოევას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
დე-ფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატი ამჟამად ცხინვალის საავადმყოფოში მკურნალობას განაგრძობს.

















