საპარლამენტო ფრაქცია ,,ქრისტიან-დემოკრატების" წევრი მაგდა ანიკაშვილი საპენსიო პაკეტში 60-დან 65 წლამდე მამაკაცებისთვის სახელმწიფო დაზღვევის შენარჩუნებას მოითხოვს.
პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას მან განაცხადა, რომ საპენსიო პაკეტის ძალაში შესვლის შემდეგ, 60-დან 65 წლამდე მამაკაცები სექტემბრიდან სახელმწიფო დაზღვევის და ამბულატორიული მომსახურების გარეშე დარჩებიან.
ანიკაშვილისთვის მიუღებელია სახელმწიფოს მიდგომა იმასთან დაკავშირებით, რომ მათთვის გათვალისწინებული იქნება რეფერალური პროგრამა.
,,ყველასათვის ცნობილია, როგორ მუშაობს რეფერალური პროგრამა, რადგან ეს არის დაუსრულებელი პროცესი. განაცხადების განხილვა ხდება მთავრობის სხდომაზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ამტკიცებს. ვიზიტების გამო, ხშირად ის არც იმყოფება ქვეყანაში, შესაბამისად, შეუძლებელია ადამიანს დახმარება დროულად გაეწიოს" – განაცხადა ანიკაშვილმა.
იგი ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ საპენსიო პაკეტში გათვალისწინონ მამაკაცების დაზღვევა 60 წლიდან.
საპენსიო პაკეტს დღეს პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილავენ.

















