სახალხო დამცველის ყოველწლიური ანგარიში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 12 აპრილს განიხილება.
ამის შესახებ განცხადება ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ გააკეთა. მისი თქმით, სახალხო დამცველის ანგარიშის განხილვის შემდეგ, პარლამენტში დებატები გაიმართება.
გიორგი ტუღუშს უკვე მოუსმინეს საპარლამენტო კომიტეტებმა, ხუთშაბათს კი - მას პლენარულ სხდომაზე მოუსმენენ.
სახალხო დამცველის ანგარიში “2011 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ 650 გვერდს მოიცავს. ანგარიშში ძირითადი ყურადღება პენიტენციალურ სისტემაში ჯანდაცვის მხრივ არსებულ პრობლემებზე, ბავშვთა და ქალთა უფლებებზე, ეთნიკური უმცირესობების საკითხზე, ჟურნალისტური საქმიანობის ხელისშეშლის ფაქტებზე, საკუთრების უფლებების დარღვევებზე და აქციების დაშლის დროს არაპროპორციული ძალის გამოყენებაზეა გამახვილებული.

















