ყველა ვინც ხელს აღმართავს ქართული ჯარის იდეაზე, მათ შორის, რეზერვისტთა იდეაზე პირდაპირ საქართველოს მტერს ემსახურება. ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტის
ეზოში სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, ბოლო პერიოდში, საქართველოში 50 000-მდე ადამიანი ჩაეწერა რეზერვისტთა რიგებში, მათი რიცხვი ზაფხულამდე 100 000-ს მიაღწევს.
მისი განმარტებით, საუბარია ნებაყოფლობით რეზერვისტებსა და იმ ქართველებზე, ვისაც საკუთარი რაიონისა და ქალაქის დაცვა სურთ და ამისთვის წვრთნას გადიან.
"ეს ახირება არაა, ეს ხალხი სხვადასხვა პოლიტიკური მრწამსის, ეთნიკური წარმომავლობისა და რელიგიის მიმდევარია, მაგრამ მათთვის ყველაზე მთავარია ქართული სახელმწიფოებრიობის იდეა. ძალიან ვამაყობ, რომ ისინი ჩვენს ჯართან ერთად არიან" - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, კავკასიაში, პირველად მრავალი საუკუნის განმავლობაში, საქართველომ მოახერხა მრავალეთნიკურ და მრავალრელიგიურ თანამედროვე სახელმწიფოდ ჩამოყალიბება.
"დღეს ვინც ხელს აღმართავს საქართველოში ეთნიკურ შემწყნარებლობაზე და ვინც რელიგიური შუღლის გაღვივებას ცდილობს, საქართველოს მტერს ემსახურება" - განაცხადა სააკაშვილმა.
აქვე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ვინც საქართველოში მოქალაქეთა შორის უთანასწორობას - მდიდრებად და ღარიბებად, პრივილეგირებულად და არაპრივილეგირებულად, ქალაქელად და სოფლელად დაყოფას ქადაგებს, ასევე საქართველოს მტერს ემსახურება.

















