საქართველო საბოლოოდ გამარჯვებული მას შემდეგ იქნება, რაც ტერიტორიებს გაათავისუფლებს - ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს სამხედრო
მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, 9 აპრილი არ იყო ბოლო ტრაგედია საქართველოს ისტორიაში, შემდეგ იყო აფხაზეთი და სხვა პროვოკაციები, შემდეგ კი - 2008 წლის აგვისტო.
"2008 წელს იყვნენ ქართველები, რომლებიც მორჩილების იდეას ატარებდნენ, დაიმალნენ და ხმა არ ამოუღით, მაგრამ იყო ხალხი, ვინც აქ, ამ სასახლის წინ, მთელი მსოფლიოს აღტაცებული მზერის წინაშე იდგა. ზოგიერთ ქართველს კი, ეს კონცერტი ეგონა. ისინი ვერასდროს ვერაფერს მიხვდებიან" - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, აგვისტოში, პარლამენტის წინ შეკრებილი ხალხი საფრთხეს არ შეუშინდა მიუხედავად იმისა, რომ მიტინგის დაბომბვის ბრძანება იყო გაცემული. სააკაშვილის განცხადებით, დამპყრობლისთვის 2008 წელი ძალიან დიდი მარცხი იყო.
"ისინი ხედავენ, რომ წაგვართვეს სოფლები დროებით და ჩვენ ავაშენეთ ახალი სოფლები. არ აბრუნებენ ჩვენს ხალხს ქალაქებში და ჩვენ ვაშენებთ ახალ ქალაქებს" - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად სხვადასხვა სახის ემბარგოს, შეტევის და მუქარისა, საქართველო უფრო სწრაფად ვითარდება.

















