საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და პირველმა ლედიმ სანდრა რულოვსმა 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო ასევე, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ.
მემორიალის გვირგვინებით შემკობის შემდეგ, პრეზიდენტმა და პარლამენტის სპიკერმა რუსთაველის გამზირი კომენტარის გარეშე დატოვეს.
1989 წლის 9 აპრილის გამთენიისას სპეცდანიშნულების რაზმების ასობით ჯარისკაცმა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდლის იგორ როდიონოვის ხელმძღვანელობით, მიტინგის მონაწილეთა დარბევა დაიწყო. დარბევა ხელკეტების, ორლესული ნიჩბებისა და მომწამვლელი გაზის გამოყენებით მოხდა.
საბჭოთა არმიის სადამსჯელო ღონისძიების შედეგად 21 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 16 ქალი გარდაიცვალა, ბევრი დაიჭრა, 2000-ზე მეტი კი - გაზით მოიწამლა.

















