ქართული ჯავშანმანქანების "ლაზიკასა" და "დიდგორის" შექმნაში შეტანილი წვლილისთვის დღეს პრეზიდენტმა რამდენიმე პირი ორდენებით დააჯილდოვა.
ბრწყინვალების ორდენით დაჯილდოვდნენ პოლკოვნიკი გიორგი კალანდაძე და სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის "დელტას" დირექტორი რევაზ ჭარბაძე. ვახტანგ გორგასლის სახელობის პირველი ხარისხის ორდენი გადაეცა ამავე ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილეს გელა ჭანტურიძეს.
"ლაზიკა" მუხლუხებიანი ქვეითთა საბრძოლო მანქანაა, რომლის ჯავშანიც კომბინირებულია და უზრუნველყოფს დაცვას 14,5 მმ კალიბრის ჯავშანგამტანი ტყვიებისგან.
"ლაზიკას" აქვს შეიარაღების დისტანციურად მართვის მოდული, აღჭურვილია ცეცხლის მართვის სისტემით, რომელზეც დამონტაჟებულია 23 მმ კალიბრის ქვემეხი და 7, 62 მმ კალიბრის ტყვიამფრქვევი. მანქანა აღჭურვილია სადღეღამისო და თერმული ხედვის კამერებით, უზრუნველყოფს მანქანის შიგნიდან დისტანციურად სამიზნის აღმოჩენას, იდენტიფიკაციასა და ცეცხლის მართვას ნებისმიერ მეტეოროლოგიურ პირობებში. ეკიპაჟი 3 კაცისგან შედგება, შესაძლებელია 7 დესანტის გადაყვანა. მოძრაობის მაქსიმალური სიჩქარეა 70 კმ/სთ.
"ლაზიკა" მეორე ქართული ჯავშანმანქანაა, რომელიც თავდაცვის სამინისტროს განკარგულებაში მყოფ სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის "დელტას" ბაზაზე შეიქმნა. პირველი ქართული ჯავშანმანქანა "დიდგორი" საზოგადოებას 26 მაისის აღლუმზე წარუდგინეს.

















