საქართველოს გეოპოლიტიკური უსაფრთხოების საკითხებზე მსჯელობის მიზნით, "ევრაზიის განვითარების ინსტიტუტის" ინიციატივით, სასტუმრო
"ვერე პალასში" მრგვალი მაგიდა მიმდინარეობს.
ექსპერტ მამუკა არეშიძის განცხადებით, შეხვედრის მონაწილეები გეოპოლიტიკურ ცვლილებებზე მსჯელობენ, რაც რეგიონში ირანის კრიზისს და ომს შეიძლება მოჰყვეს.
არეშიძის თქმით, საუბარია იმაზე, მეზობელ სახელმწიფოებს შორის ვინ რა პოზიციას დაიკავებს ასეთ შემთხვევაში.
"იგულისხმება რუსეთი, თურქეთი და ის, თუ რა გამოწვევებისა და რისკების წინაშე შეიძლება დადგეს საქართველო. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია ვიმსჯელოთ, რადგან ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ საქართველოში ჯერ ვერ აცნობიერებენ რა სერიოზული კატასტროფის წინაშე ვდგავართ" - განუცხადა "ნიუსპრესს" მამუკა არეშიძემ.
მისი თქმით, ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების დაწყებისა და ირანის დამარცხების შემთხვევაში, რუსეთი ვეღარ შეძლებს სომხეთში დისლოცირებული რუსული სამხედრო ბაზების მომარაგებას და ამდენად, ეს ბაზები ბლოკადაში აღმოჩნდებიან.
"თავისი ბაზების მოსამარაგებლად, რუსეთი აუცილებლად მოინდომებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის გავლით სომხეთში შეღწევას, ეს კი საქართველოსთვის ომის დაწყებას ნიშნავს" - განმარტა ექსპერტმა.

















