"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ დღეს 9 აპრილს დაზარალებულ ბესო ტაბატაძეს ხელისუფლებამ 9 აპრილის
მემორიალთან მისვლაზე პრობლემები შეუქმნა.
"საქართველოს ხელისუფლებამ ბესო ტაბატაძე სანთლის დასანთებად არ შემოუშვა და ადამიანები დაახვედრა, რომლებმაც უთხრეს, რომ უარესს დამართებენ. იგი 1989 წლის 9 აპრილს ელიზბარ ჯაველიძესთან, ირაკლი ბათიაშვილთან და სხვებთან ერთად რუსთაველის გამზირზე იდგა, 2011 წლის 26 მაისს ხელისუფლებამ თვალი დააკარგვინა" - აღნიშნა ბურჯანაძემ.
ბურჯანაძის თქმით, "ზონდერები", რომლებიც ტაბატაძეს გზაში დაახვედრეს, კარგა ხანს არ უშვებდნენ მას 9 აპრილის მემორიალთან სამთავრობო ღონისძიების მომიზეზებით.
"ერთ-ერთმა "ზონდერმა" ბესო ტაბატაძეს უთხრა, რომ კიდევ გადაგივლით, როგორც 26 მაისსო. ეს არის ყველაზე დიდი უბედურება. ეს გაცილებით დიდი ტრაგედიაა ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის და თუ ამას ვერ მივხვდით არაფერი გვეშველება" - განაცხადა ბურჯანაძემ.
ამასთან, 9 აპრილის მემორიალთან ბურჯანაძემ განაცხადა, რომ 9 აპრილი ქართველი ხალხის ცხოვრებაში მხოლოდ ტრაგედია არ იყო, ეს უდიდესი სიმაღლე იყო.
მისი თქმით, ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლები, კომუნისტები და სხვა ძალები, მიუხედავად განსხვავებული შეხედულებებისა, 1989 წლის 9 აპრილს ყველა ერთად დადგა.
"დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარის განცხადებით, საქართველო ერთ მუშტად იყო შეკრული და სწორედ ამიტომ, მიუხედავად უზარმაზარ იმპერიასთან დაპირისპირებისა, ის გადარჩა.

















