ოფიციალური თბილისი კანადაში გემის ჩაძირვის შედეგად დაკარგულ ქართველებთან დაკავშირებულ საკითხში აქტიურად არის ჩართული. ქართული
მხარე კანადის ოფიციალურ ორგანოებსა და ოჯახის წევრებს შორის შუამდგომლობს.
ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა.
"თუმცა, უნდა გვესმოდეს, რომ ამ შემთხვევაში, ჩვენი შესაძლებლობები ძალიან შეზღუდულია. როდესაც სახელმწიფო ობიექტურ საფუძველზე დაყრდნობით აცხადებს, რომ შეწყვიტა დაკარგულთა ძებნა, ჩვენ თხოვნის გარდა სხვა არანაირი ბერკეტი არ გვაქვს" - განაცხადა კალანდაძემ.
მისი თქმით, რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, კერძო კომპანია "სი-ეი-აიმ" დაკარგულების ძებნის მზადყოფნა გამოთქვა, იმ შემთხვევაში თუ დაინტერესებული მხარე 10 000 აშშ დოლარს გადაიხდის, კალანდაძემ განაცხადა, რომ ეს მის კომპეტენციას სცილდება.
"კერძო კომპანიასთან, შესაძლოა, ოჯახმა დაამყარა კავშირი. ბევრი ასეთი კომპანიაა. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს სცილდება სახელმწიფო ურთიერთობის ფარგლებს და არ ვარ უფლებამოსილი ამ საკითხზე კომენტარი გავაკეთო" - განაცხადა კალანდაძემ.
კანადაში ჩაძირულ გემზე სამი ქართველი იმყოფებოდა.

















