საპარლამენტო არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიების მოწვევის შესახებ საქართველომ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში ოფიციალური მოწვევა
გასულ კვირას გაგზავნა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღეს ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.
კალანდაძის თქმით, ქართული მხარე არაერთი ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენელს ესაუბრა და საქმის კურსში ჩააყენა იმის თაობაზე, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებს ქვეყანა სამართლიანი არჩევნების ჩატარებას.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ქართულმა მხარემ საერთაშორისო ორგანიზაციებს საქართველოში რაც შეიძლება მალე ჩამოსვლა სთხოვა. "ახლა კი, უკვე ორგანიზაციების გადასაწყვეტია როდის ჩამოვლენ და რა რაოდენობით" - დასძინა მან.
კალანდაძის განცხადებით, უპრეცედენტო შემთხვევაა, როდესაც მსგავსი მოწვევის გაგზავნა არჩევნებამდე შვიდი თვით ადრე ხდება, რაც, მისივე განცხადებით, დაგეგმილი არჩევნების გამჭვირვალედ და სამართლიანად ჩატარების სურვილს უსვამს ხაზს.
მინისტრის მოადგილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დაკვირვება მოხდეს არა უშუალოდ არჩევნების დღეს, არამედ წინასაარჩევნო პროცესზე, რაშიც მედიის მუშაობისა და საკანონმდებლო საქმიანობის მონიტორინგიც იგულისხმება.

















