"ლეიბორისტი" დეპუტატები პარლამენტისგან სამივლინებო თანხებს ითხოვენ. ოთხმა ლეიბორისტმა დეპუტატმა:
შალვა ნათელაშვილმა, გიორგი გუგავამ, კახაბერ ძაგანიამ და იოსებ შატბერაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს განცხადებით მიმართა. აღნიშნული განცხადება დღეს პარლამენტის ბიუროს წევრებს დაურიგდა.
"მთელი მსოფლიოსთვის ცნობილია, რომ თქვენი პარტიის ლიდერმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ძალადობითა და მოსყიდვით, არჩევნების მასობრივი გაყალბებით მოახერხა საპარლამენტო ხელისუფლების უზურპაცია, რის გამოც, ჩვენ, ხალხის მიერ არჩეულმა დეპუტატებმა უარი ვთქვით გვემოღვაწევა თქვენი უკანონო დეპუტატების გვერდით და კვლავ ვაგრძელებთ პოლიტიკურ ბოიკოტს. ამასთან, თქვენს პარლამენტს ქვეყნის დაქცევის მეტი არაფერი გაუკეთებია", - ნათქვამია განცხადებაში.
"ლეიბორისტი" დეპუტატები არ აპირებენ კუთვნილ ხელფასებზე უარის თქმას.
"რაც შეეხება თქვენს მონა ტელევიზიებს, რომლებიც ყოველი საპარლამენტო სესიის წინ აპიარებენ ჩვენს მიერ კანონიერი ხელფასის აღების ფაქტს, შევახსენებთ, რომ არ ვაპირებთ პრემიის სახით ჩვენი თანხის ჩუქებას აკაკი მინაშვილის, გივი თარგამაძისა და სხვებისთვის. უფრო მეტიც, თქვენი ხელისუფლების საერთაშორისო არენაზე დროულად დამთავრებისთვის ჩვენი თანხებით დავდივართ უცხოურ მივლინებებში და ამიტომ კეთილი ინებეთ და ჩვენი კუთვნილი სამივლინებო თანხები კანონით დადგენილი წესით მოგვეცით", - აღნიშნულია "ლეიბორისტების" განცხადებაში.
"ლეიბორისტული პარტიის" მტკიცებით, 1999 წლიდან მათი პარლამენტში არ შეშვებით პარტიისთვის სუფთა მატერიალურმა ზარალმა 2 500 000 ევრო შეადგინა, რაზეც მათ ევროსასამათლოს უკვე მიმართეს.
"ამ თანხის აუცილებლად ამოვიღებთ სააკაშვილის კრიმინალთა ჯიბეებიდან. ასევე ერთ წელიწადში თქვენმა პარლამენტმა უშრომლად შეიტყაპუნა ხელფასის სახით 11 750 000 ლარი, სატელეფონო ხარჯებზე 463 000 ლარი და კიდევ რამდენიმე ათეული მილიონი ე.წ. გაუთვალისწინებელი ხარჯების სახით. ასევე თბილისში სასახლეების მქონე პარლამენტართა ბინის ქირისთვის გადახლიდა 500 000 ლარი. გაოცებას იწვევს პარლამენტის 9 ვიცე-სპიკერზე და კომიტეტის თავმჯდომარეებზე 7 000 ლარიანი ხელფასის ოდენობაც", - ნათქვამია 4 ლეიბორისტის განცხადებაში.

















