რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი ლეონიდ სლუცკი ქართული მხარის გადაწყვეტილებას „ღია ცის“ ხელშეკრულების გაუქმების შესახებ, პოლიტიზირებულს, დაუფიქრებელს და საზიანოს უწოდებს.
„ხელშეკრულება გათვლილია არა ხელისუფლებებზე, არამედ მგზავრებზე. ამდენად, ხელშეკრულებიდან გამოსვლა წარმოადგენს პოლიტიზირებულ ნაბიჯს, რომელიც უარყოფითად იმოქმედებს მოსახლეობაზე“-განაცხადა სლუცკიმ.
მანვე იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ახლო მომავალში აღადგენს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.
„რია ნოვოსტი“ დუმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლეონიდ კალაშნიკოვის კომენტარსაც ავრცელებს. კალაშნიკოვის თქმით, სააკაშვილი პროდასავლურ, პროამერიკულ პოლიტიკას ატარებს რადგან იმედი აქვს, რომ აშშ-ს შეუძლია დაუბრუნოს ე.წ. „ოკუპირებული“ ტერიტორიები.
დეპუტატის განცხადებით ტერიტორიული საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს პრეზიდენტი კომპრომისზე პირველ რიგში სწორედ რუსეთთან უნდა წავიდეს.

















