პოლიტიკური პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების შესახებ „ქრისტიან-დემოკრატების“ ინიციატივას საზოგადოების დაბნევის მცდელობად აფასებს.
როგორც „ნიუსპრესს“ პარტიიდან აცნობეს, ცვლილებებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ურთიერთობებში შეიძლება გართულებები მოჰყვეს.
მათი პოზიციით თუ აღნიშნული კანონპროექტი მიღებული იქნება, ისედაც რთული საარჩევნო გარემო შეიძლება კიდევ უფრო დამძიმდეს.
„თუ ზემოაღნიშნული კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა მიიღო, გაჩნდება ლოგიკური კითხვა - რატომ უნდა ჰქონდეს საპარლამეტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეს, რომელიც დაბადებულია და 10 წელი მაინც უცხოვრია საქართველოში და რატომ უნდა იყოს ამ უფლებას მოკლებული აშშ-ში, რუსეთის ფედერაციაში, თურქეთში, უკრაინაში, ყაზახეთში, არგენტინაში, ავსტრალიაში და სხვა ქვეყნებში მცხოვრები ქართველები?“ - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„ქრისტიან–დემოკრატების“ მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის თანახმად, პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს 21 წელს მიღწეული პირი, რომელიც დაბადებულია და ბოლო 10 წლის განმავლობაში ცხოვრობს საქართველოში და ამასთან ევროკავშირის წევრი რომელიმე სახელმწიფოს მოქალაქეობა აქვს.

















