საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რომ წლის ბოლომდე პენსიები გაიზრდება, რაც ბიუჯეტიდან სერიოზული თანხების გადინებას გამოიწვევს.
როგორც ცისკარიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარისას განაცხადა, პრიორიტეტულ საკითხებს შორის კვლავ ეკონომიკური და სოციალური საკითხები, ასევე ჯანდაცვა და განათლება ხდება. აღნიშნული განცხადება პეტრე ცისკარიშვილმა დღეს უმრავლესობის დახურული სხდომის შემდეგ გააკეთა.
"ეკონომიკამ უნდა გაუძლოს ამას, რომ არ გამოიწვიოს ინფლაცია, რასაც სწორი და მკაცრი მენეჯმენტი სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ეკონომიკა მთელს რეგიონში ყველაზე ჯანსაღია, ეს დამშვიდების საშუალებას არ გვაძლევს, რადგან უმუშევრობა ჯერ კიდევ ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემად დგას" - განაცხადა ცისკარიშვილმა.
უმრავლესობის დახურული შეხვედრა დღეს პარლამენტში გაიმართა.

















