სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი ხათუნა კალმახელიძე დღეს რუსთავის №16-ე დაწესებულების პურის საცხობში დასაქმებულ მსჯავრდებულებს შეხვდა.
მინისტრის განცხადებით, მსჯავრდებულთა დასაქმების ხელშეწყობა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია.
„ამით მსჯავრდებულებს პროფესიის შესწავლისა და სამუშაო გამოცდილების მიღების საშუალება ეძლევათ. ამასთან, მიღებული შემოსავლით, რიგ შემთხვევაში საკუთარ ოჯახებს დაეხმარებიან“ - აღნიშნა კალმახელიძემ.
სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, საწარმოში ათობით მსჯავრდებულია დასაქმებული. მათ მიერ გამომცხვარი პურით სასჯელაღსრულების სისტემა ყოველდღიურად მარაგდება.
სამინისტრო მომავალში სხვა პროფილის საწარმოების ამოქმედებასაც გეგმავს.

















