„ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერს გიორგი თარგამაძეს მოუწოდებს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის ინიცირებაზე უარი თქვას და ეს უფლება უმრავლესობას გადაულოცოს.
აღნიშნული განცხადება ჯონდი ბაღათურიამ დღეს საყოველთაო-სახალხო განხილვის საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე გააკეთა.
„ივანიშვილის ასპარეზზე გამოჩენის შემდეგ პრეზიდენტი ისტერიკაში ჩავარდა და ჯობია ეს კაცი დაამშვიდონ. კონსტიტუციაში ახალი ცვლილებები საჭირო არ არის“ - განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.
მისივე თქმით, კონსტიტუციაში ცვლილებები ერთი ადამიანის ჭირვეულობის გამო შედის.
„პრეზიდენტის ჭირვეულობას ეწირება ბევრი რამ. პრეზიდენტმა დანაშაული ჩაიდინა, ჯერ უკანონოდ ჩამოართვა და შემდეგ კი, არ აღუდგინა ივანიშვილს მოქალაქეობა და ეს უკანონობის ლაქა რომ ჩამოირეცხონ, კონსტიტუციაში ცვლილებები შედის“ - განაცხადა ბაღათურიამ.
მან „ქრისტიან-დემოკრატიული“ მოძრაობის ლიდერს გიორგი თარგამაძეს მიმართა, რომ „ქრისტიან-დემოკრატებს“ პრეზიდენტთან კონსტრუქციული ურთიერთობა აქვს და პრეზიდენტს შეუძლია ერთი წინადადება დაწეროს და ივანიშვილს მოქალაქეობა აღუდგინოს.
საყოველთაო-სახალხო განხილვის საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე გიორგი თარგამაძემ კონსტიტუციაში ცვლილებების ინიციატივა წარადგინა.

















