ბათუმის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში რუსულენოვან სექტორზე სწავლის მსურველთა დარეგისტრირების პროცესი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
ზეპირი ბრძანების საფუძველზე შეჩერდა. ამის შესახებ პარტია "თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარის მოადგილემ მიმი გაბრიჩიძემ "ნიუსპრესს" განუცხდა.
მისი ცნობით, აღნიშნულ სკოლაში დასარეგისტრირებლად მისულ მშობლებს მასწავლებლებმა განუცხდეს, რომ განათლების სამინისტროსგან ზეპირი ბრძანება აქვთ და ვერ დაარეგისტრირებდნენ.
"უფრო მეტიც, ჩვენი ინფორმაციით, სექტემბრისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით რუსულენოვანი სექტორის გაუქმება იგეგმება" - განაცხადა გაბრიჩიძემ.
"თავისუფალ საქართველოში" აღნიშნულ ქმედებას ქსენოფობიურ მიდგომად აფასებენ.
"მაშინ როდესაც ინლისური ენა პრიორიტეტულია და თითქმის პირველი კლასიდან ისწავლება, რუსული ენის მიმართ ასეთი დისკრიმინაციული მიდგომა მიუღებელია" - აღნიშნა გაბრიჩიძემ.
მისივე თქმით, საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული დაძაბული ვითარების გათვალისწინებით, სახელმწიფო სტრუქტურის - განათლების სამინისტროს მხრიდან მსგავსი რამ არ უნდა ხდებოდეს.

















