2011 წლის 26 მაისის მოვლენებზე ახალი, დამოუკიდებელი და გამჭვირვალე გამოძიება უნდა იქნას დაწყებული, სადაც
ჩართული იქნებიან ოპოზიციის ლიდერები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, მთავრობა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ამის შესახებ მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების საკითხებზე მომუშავე გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა მაინა კიაიმ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც საქართველოში ჩატარებული ვიზიტის შეჯამება-შეფასებას მიეძღვნა.
26 მაისის მოვლენების გამოძიებაში გათვალისწინებულ უნდა იქნას ყველა მოსაზრება და ხედვა, რადგან არსებობს ანგარიშვალდებულება ძალის აშკარა გადამეტებისთვის, რომელსაც ამ მოვლენების დროს ადგილი ჰქონდა,- ნათქვამია გაეროს მომხსენებლის ანგარიშში.
მაინა კიაის დასკვნის თანახმად, მთავრობის რეაქცია აშკარად არაპროპორციული იყო. საპროტესტო აქციების დაშლის შემდეგაც მისი მონაწილეების ცემის ფაქტებს ჰქონდა ადგილი. ყოველივე ეს ეჭვს ბადებს, რომ მიზანი არა საპროტესტო აქციების მონაწილეების დაშლა, არამედ მათი დასჯა და საზოგადოებაში შიშის დანერგვა იყო.
გაეროს სპეციალური მომხსენებელი, მაინა კიაი საქართველოში მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების საკითხების შესასწავლად რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა. საქართველოში არსებული ვითარების შესახებ, მისი საბოლოო დასკვნა გაეროს მაისში წარედგინება.

















