საყოველთაო-სახალხო განხილვის საკონსტიტუციო კომისია ხვალ შეიკრიბება და „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ წინადადებას განიხილავს.
ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა განაცხადა.
ქრისტიან–დემოკრატების მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის თანახმად, პარლამენტის წევრად შეიძლება 21 წელს მიღწეული პირი აირჩეს, რომელიც დაბადებულია და ბოლო 10 წლის განმავლობაში ცხოვრობს საქართველოში და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა აქვს.
„ვფიქრობ, ეს წინადადება მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ ყოველგვარი სპეკულაციები დასრულდეს სამართლებრივ პროცედურებთან, სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით; ასევე, იმასთან დაკავშირებით, რომ ვიღაცას ეზღუდება უფლება მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში, იყოს თავისი სიის პირველი ნომერი ან წარდგენილი იყოს ამა თუ იმ მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატად. ეს უფლება გარანტირებულია ყველა პირისათვის, ვინც დაბადებულია საქართველოში, ცხოვრობს საქართველოში და ვინც არის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქე“ – განაცხადა კუბლაშვილმა.

















