პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებს გამარჯვება და ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მიულოცა.
აღნიშნული განცხადება ნიკა გილაურმა დღეს მთავრობის სხდომაზე გააკეთა. მან აღნიშნა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებმა მაქსიმუმი გააკეთეს ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად.
პრემიერის თქმით, სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს ფეხბურთელთა ახალი თაობის გაზრდას, თუ საჭირო გახდა დამატებითი ფინანსებსაც გამოიყოფა.
"ევროპის ჩემპიონატზე გასვლა იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ფეხბურთს მომავალი აქვს და იმაზე ძლიერი თაობა მოდის, ვიდრე ველოდით" - განაცხადა გილაურმა.
როგორც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა აღნიშნა, მას შემდეგ, რაც ფეხბურთის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა შეიქმნა, სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.
მინისტრის ინფორმაციით, ბოლო 3 წლის განმავლობაში ფეხბურთის ხელშეწყობის პროგრამაზე სახელმწიფომ 20 მლნ ლარზე მეტი დახარჯა.

















