პოლიტიკური პარტია "სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს გზა" ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით სამოქალაქო რეესტრის
განცხადებას მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ ნაბიჯს უწოდებს.
"მუდმივად ვაპროტესტებდით ხელისუფლების მიერ პოლიტიკური მიზნებით სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის უკანონო გამოყენებას, რისი მაგალითიცაა სამოქალაქო რეესტრის კანონის ფარგლებს გარეთ მდგარი პოზიცია - ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ნატურაალიზაციის გზით არმინიჭების თაობაზე" - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
"სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს გზა" მიიჩნევს, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას კანონთან კავშირი არა აქვს და ის "ქართული ოცნების" პოლიტიკური ლიდერის, ქართული კანონმდებლობის, საერთაშორისო სამართლისა და მთლიანად ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგაა მიმართული.
სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ ბიძინა ივანიშვილის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მიღების საკითხთან დაკავშირებით გუშინ დასკვნა გაავრცელა.
სააგენტოში აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილს, როგორც სხვა ქვეყნის მოქალაქეს, საქართველოს მოქალაქეობის მიღების მიზნით ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით უნდა მიემართა. მსგავსი თხოვნით კი - ივანიშვილს შესაბამისი ორგანოებისთვის დღემდე არ მიუმართავს.

















