საზოგადოებრივი მოძრაობა "ემსახურე საქართველოს" თავმჯდომარე მურმან დუმბაძე პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საინიციატივო
ჯგუფის წევრი გახდა.
ამის შესახებ გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილისა და მურმან დუმბაძის შეხვედრაზე მიიღეს.
"ქართული ოცნების" პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დუმბაძე მუშაობას პარტიის რეგიონული სტრუქტურების ჩამოყალიბებისა და პარტიის მშენებლობის კუთხით წარმართავს.
"ქართული ოცნების" ლიდერთან შეხვედრაზე გაწევრიანების გარდა, საუბარი შეეხო დუმბაძის მიერ რესპუბლიკური პარტიის წევრის გიორგი მასალკინის მისამართით გაკეთებულ არაეთიკურ განცხადებას.
დუმბაძემ განაცხადა, რომ საჯაროდ უხდის ბოდიშს ქართულ საზოგადოებას და პირადად გიორგი მასალკინს.
"მურმან დუმბაძეს მიაჩნდა და მიაჩნია, რომ საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, განურჩევლად მისი ეთნიკური წარმომავლობისა, ქართული საზოგადოების სრულუფლებიანი წევრია"- აცხადებენ პრესსამსახურში.
ივანიშვილთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კოალიციის წევრებმა თავი უნდა შეიკავონ საჯარო პოლემიკისგან და პოზიციების შეჯერება შიდა დისკუსიების საფუძველზე მოხდეს.
გავრცელებული ინფორმაციით, "რესპუბლიკური პარტიის" ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი მასალკინმა ერთ-ერთ სატელევიზიო არხზე განაცხადა, რომ აზიზიეს მეჩეთის მშენებლობის წინააღმდეგ ორგანიზებულ აქციებს ემიჯნება. ამავე გადაცემაში მოწვეულმა მურმან დუმბაძემ მის საპასუხოდ აღნიშნა: "ის არ არის გენით ქართველი. ვერ მიხვდა რა არის საქართველო. ოშკი გაგონილი არ აქვს, ერთი სანთელი არ დაუნთია".

















