ახალი საპენსიო პაკეტის დამტკიცების შემთხვევაში 60-დან 65 წლამდე ასაკის მამაკაცი, რომელთა რიცხვი 200 000-ს აღწევს, ჯანდაცვის უფასო მომსახურებისა და სახელმწიფო დაზღვევის გარეშე დარჩება.
ამის შესახებ „ქრისტიან-დემოკრატიული“ მოძრაობის ლიდერმა, დეპუტატმა გიორგი თარგამაძე დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი განმარტებით, ახალი საპენსიო პაკეტით სახელმწიფო პროგრამები მხოლოდ 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს შეეხება.
„ქრისტიან-დემოკრატები“ პრემიერ-მინისტრს ნიკა გილაურს, თბილისის მერს გიგი უგულავას და საკრებულოს მიმართავენ და მოითხოვენ ეს საკითხი ერთობლივი მსჯელობის შედეგად გადაწყდეს.
თარგამაძის განმარტებით, იმისთვის, რომ 200 000-მდე მოქალაქე სახელმწიფო პროგრამების მიღმა არ დარჩეს, „ქრისტიან-დემოკრატები“ ხელისუფლებას ორ ალტერნატიულ წინადადებას სთავაზობენ.
„ან ძალაში უნდა დარჩეს ის სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც დღესაც ხორციელდება ან 60 წლიდან მამაკაცები სახელმწიფო დაზღვევით უზრუნველყონ“ - განაცხადა თარგამაძემ.

















