პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პავლე კუბლაშვილის განცხადებით, პოლიტიკური პარტიების შესახებ კანონში ცვლილებები დიპლომატებმა და საერთაშორისო ფონდების წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს.
კუბლაშვილის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე დიპლომატებს ის კანონპროექტი გააცნეს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მომზადდა და პოლიტიკური პარტიების დაფინანსების გამჭვირვალეობასთან დაკავშირებულ რეგულაციებს შეეხება.
„ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას ინფორმაცია ჰქონდეს თუ ვინ აფინანსებს ამა თუ იმ პარტიას და რა ხარჯები აქვს. ეს ნორმები ჩვენი სტუმრებისთვის უჩვეულო არ იყო. მათი მხრიდან ის შეფასება რაც მოჰყვა ჩვენს მიერ წარდგენილ კანონპროექტს დადებითია“ – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი მინაშვილი და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი დღეს საქართველოში აკრედიტებული საელჩოებისა და საერთაშორისო ფონდების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
პარტიების შესახებ კანონში ცვლილებების თანახმად, კანონში „დაკავშირებული პირის“ ცნება აღარ იქნება. ასევე, პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიის გამოხატვის გამო, კონტროლის პალატას უფლება აღარ ექნება პირს შეზღუდვები დაუწესოს. შემცირდება სანქციებისა და ჯარიმების ოდენობა.
მომავალ კვირაში კანონპროექტს პარლამენტი მეორე მოსმენით განიხილავს და კენჭს უყრის.

















