პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა ხელოვნურია.
„ის, რომ ივანიშვილმა პოლიტიკური საქმიანობა გადაწყვიტა, ან ის, რომ ბევრი ფული აქვს, მას კანონის წინაშე, სხვა ამავე პრობლემის მქონე ადამიანებისგან არ გამოარჩევს“ – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში გივი თარგამაძემ.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს, თავის დროზე, მოქალაქეობა მინიჭებული ჰქონდა და როგორც მინიმუმ, ის ამ საკითხს გულგრილად მოეკიდა, ან მისი მნიშვნელობა უგულვებელყო.
„აქედან გამომდინარე, დღევანდელი აჟიოტაჟი დაგვიანებულ სინანულს უფრო ჰგავს“ – განაცხადა თარგამაძემ.
სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ ბიძინა ივანიშვილის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მიღების საკითხთან დაკავშირებით დასკვნა გამოსცა.
სააგენტოში აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილს, როგორც სხვა ქვეყნის მოქალაქეს, საქართველოს მოქალაქეობის მიღების მიზნით უნდა მიემართა ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით. მსგავსი თხოვნით კი - ივანიშვილს შესაბამისი ორგანოებისთვის დღემდე არ მიუმართავს.

















