ნინო ბურჯანაძე - ხელისუფლების დასამარცხებლად ერთიანი ოპოზიციური ფრონტი უნდა შექმნილიყო
14:41 13.02.2012
"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლების დასამარცხებლად უნდა შექმნილიყო ერთიანი ოპოზიციური ფრონტი, რომელიც
ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ექვს თვეში, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს გამოაცხადებდა, ხოლო ამ ექვს თვეში თავისუფალი საარჩევნო გარემოს შექმნას უზრუნვეყოფდა.
ბურჯანაძეს მიაჩნია, რომ ეს არის რეალური გამარჯვების საუკეთესო ფორმულა. "მეგონა, რომ ბიძინა ივანიშვილის ბრძოლის ტაქტიკა განსხვავებული იქნებოდა, რომ იგი ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე, ყველა პოლიტიკურ პარტიას, გარდა ხელისუფლების სატელიტი პარტიებისა, შეკრებდა ერთად, შექმნიდა ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლ, ერთიან ფრონტს და ასეთი ფორმით გააგრძელებდა ბრძოლას ამ რეჟიმის წინააღმდეგ. ვიმეორებ: ეს უნდა ყოფილიყო სრულიად ოპოზიციური ერთიანი ფრონტი გაერთიანებული ერთადერთი ნიშნით, სადაც იქნებოდა ყველა პოლიტიკური ძალა, გარდა იმ პარტიებისა, რომლებიც ღიად თანამშრომლობენ სააკაშვილის რეჟიმთან და შეკრულები არიან ხელისუფლებასთან! აქ არც ვინმეს პრორუსობაზე ან პროამერიკელობაზე არ უნდა ყოფილიყო საუბარი, მიუხედავად იმისა, რომ ამ იარლიყების მიწებებასთან დაკავშირებითაც ძალიან ბევრი კითხვა არსებობს", _ აცხადებს ბურჯანაძე.
მისი აზრით, ოპოზიციის მთავარი კრიტერიუმი არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ ერთად ბრძოლა უნდა ყოფილიყო. ბურჯანაძეს მიაჩნია, რომ ასეთი ერთობა საქართველოში თავისუფალი არჩევნების მოპოვებისთვის მშვიდობიან ბრძოლას გაშლიდა როგორც საქართველოს საზღვრებს გარეთ, ისე ქვეყნის შიგნით და ხელისუფლების დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებზეც კი წავიდოდა.
"ამ შემთხვევაში კი, უკვე გარდაუვალი გამარჯვების შემდეგ, ამ ერთიან ფრონტს უნდა აეღო ვალდებულება და ექვსი თვის ვადაში დაენიშნა რეალურად თავისუფალი და დემოკრატიული, კონკურენტუნარიანი გარემოს მქონე ვადამდელი არჩევნები, რათა ამ ხელოვნური ერთობის ნაცვლად, ექვსი თვის შემდეგ ჩატარებული არჩევნების შედეგად, ადამიანებმა არჩევანი უკვე იდეოლოგიურ საფუძვლებზე გააკეთონ. ამ ექვს თვეში თავისუფლად იქნებოდა შესაძლებელი იმ ხუთი უმთავრესი პუნქტის რეალიზება, რაზეც "სახალხო კრება" ჯერ კიდევ 2010 წლის 29 სექტემბერს საუბრობდა და, რაც აუცილებელია ნორმალური არჩევნების ჩასატარებლად: 1. თავისუფალი მედია; 2. თავისუფალი ბიზნესი; 3. თავისუფალი სასამართლო; 4. არაპოლიტიკური პოლიცია; 5. თავისუფალი და დამოუკიდებელი ცენტრალური საარჩევნო კომისია. სწორედ ამის შემდეგ უნდა დანიშნულიყო არჩევნები და ამის მერე უნდა დაეყოთ ოპოზიცია პრორუსულებად, პროამერიკელებად, პროავსტრალიერებად, არა ქართულებად და ასე შემდეგ", - აცხადებს ნონო ბურჯანაძე.