პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პავლე კუბლაშვილის განცხადებით, მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით
კანონის მოთხოვნები ნებისმიერი პიროვნებისთვის იდენტურია მიუხედავად იმისა, რამდენი მილიარდი აქვს ან არა აქვს მას. აღნიშნული კომენტარი კუბლაშვილმა ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით სამოქალაქო რეესტრის განცხადების კომენტირებისას გააკეთა.
"მოქალაქეობის საკითხი სამართლებრივი საკითხია და ის კანონის შესაბამისად წყდება. სამოქალაქო რეესტრის მიერ საზოგადოებას ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდა, სხვა რაიმე შეფასებები ამ საკითხთან დაკავშირებით ზედმეტია. კანონი მოქალაქეების მიმართ ერთნაირია მიუხედავად იმისა თუ როგორია მათი სოციალური აქტივობა ან ფინანსების რაოდენობა" – განმარტა კუბლაშვილმა.
კომიტეტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ საფრანგეთის მოქალაქეს ბიძინა ივანიშვილს ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით უნდა მიემართა, რაც დეტალურად წერია სამოქალაქო რეესტრის განცხადებაში.
სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ ბიძინა ივანიშვილის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მიღების საკითხთან დაკავშირებით დასკვნა გამოსცა.
სააგენტოში აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილს, როგორც სხვა ქვეყნის მოქალაქეს, საქართველოს მოქალაქეობის მიღების მიზნით უნდა მიემართა ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით. მსგავსი თხოვნით კი - ივანიშვილს შესაბამისი ორგანოებისთვის დღემდე არ მიუმართავს.

















