პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის თავმჯდომარეს მალაშხიას აფხაზეთის ე.წ. საპარლამენტო არჩევნებში უნგრელი დეპუტატის დამკვირვებლად ყოფნის შესახებ ინფორმაცია არა აქვს.
აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ „ვესტი კავკაზასთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ აფხაზეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით ევროპარლამენტის დეპუტატი უნგრეთიდან ბელა კოვაჩი იმყოფებოდა.
„ამ ინფორმაციას გადავამოწმებთ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მივმართავთ, რომელიც თავის მხრივ, უნგრეთში საქართველოს ელჩთან დააზუსტებს ინფორმაციას, რის შემდეგაც შესაბამისი ღონისძიებები განხორციელდება“ – განმარტა მალაშხიამ.
მისი შეფასებით, ერთეული შემთხვევები არ გამოხატავს არც უნგრეთის და არც ევროპარლამენტის პოზიციას, რადგან მათ მიერ აღიარებულია, რომ აფხაზეთი ოკუპირებულია და იქ ეთნოწმენდა მოხდა.
აფხაზეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები მარტში გაიმართა. პროცესზე მონიტორინგს 46 დამკვირვებელი ახორციელებდა.

















