ფსევდოოპოზიციური უმცირესობა დაიშალა და ახალი უმცირესობის შეკოწიწება იგეგმება, - ეს განცხადება "ქართული დასის" ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ დღეს, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
მისი თქმით, უმრავლესობა ცდილობს შეაკოწიწოს უმცირესობა და ამ საკითხზე ისინი პრეზიდენტთან კონსულტაციებს გადიან, რაც უკანონო საქციელია. ჯონდი ბაღათურიამ უმცირესობის წევრებს მოუწოდა, უმრავლესობის ნურც ერთ დეპუტატს ნუ დაიმატებენ.
ბაღათურიას განცხადებით, მიმდინარე კვირაში უმრავლესობიდან კიდევ ერთი-ორი დეპუტატის გარიცხვა იგეგმება, თუმცა ამ ეტაპზე ის არ აკონკრეტებს, თუ ვის გარიცხვას გეგმავს მმართველი პარტია.
რაც შეეხება ბეჟან ხურციძეს, ბაღათურიას თქმით, მასთან კარგი ურთიერთობა აქვს, თუმცა ჯერ ვერ გააკეთებს კომენტარს, შევა თუ არა ხურციძე მათ ფრაქციაში. მისი განცხადებით, მოლაპარაკებას უმრავლესობის კიდევ ორ წევრთან აწარმოებს. მათი ვინაობის დასახელებისგან ბაღათურია ამ ეტაპზე თავს იკავებს.
ჯონდი ბაღათურია პარლამენტის ოპოზიციურად განწყობილ დეპუტატებს ახალი უმცირესობის შექმნას სთავაზობს.

















