თურქეთის მიერ სავიზო რეჟიმის თაობაზე გატარებული საკანონმდებლო ცვლილებები საქართველოს მოქალაქეებსაც შეეხებათ,
- ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ განაცხადა.
მისი თქმით, თურქული მხარისგან კანონის გამკაცრება საქართველო-თურქეთს შორის გაფორმებულ საერთაშორისო შეთანხმებას ეწინააღმდეგება. ქართული მხარე მიიჩნევს, რომ ადგილი აქვს სამართლებრივ უზუსტობას, რაც გამოსასწორებელია.
საკითხთან დაკავშირებით ქართული მხარე მოლაპარაკებებს აწარმოებს. პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგარეო უწყება და საკონსულო დეპარტამენტი აქტიურად არიან ჩართული.
თურქეთის პარლამენტის მიერ სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით განხორციელებული ცვლილებებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს თურქეთის ტერიტორიაზე სამი თვით ყოფნის უფლება აქვთ, ხოლო ვადის ამოწურვის შემდეგ, მათ ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა სამთვიანი პერიოდის გასვლის შემდეგ შეეძლებათ. კანონი მიმდინარე წლის პირველი თებერვლიდან შევიდა ძალაში.

















