„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ კანონთან დაკავშირებით დღეს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი მინაშვილი და
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი საქართველოში აკრედიტებული საელჩოებისა და საერთაშორისო ფონდების წარმომადგენლებს შეხვდებიან. კომიტეტების თავმჯდომარეები მათ იმ ცვლილებებს გააცნობენ, რომელიც პარლამენტმა გასულ კვირას პირველი მოსმენით მიიღო.
ცვლილებების თანახმად, პოლიტიკურ პარტიასთან პირდაპირ და არაპირდაპირ „დაკავშირებული პირის“ ცნება კანონში აღარ იქნება.
ასევე პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიის გამოხატვის გამო, კონტროლის პალატას უფლება აღარ ექნება პირს შეზღუდვები დაუწესოს. დავიწროვდება და მკაფიოდ განისაზღვრება იმ პირთა წრე, რომლებზეც პოლიტიკური პარტიისთვის დაწესებული შეზღუდვები გავრცელდება.
შემცირდება სანქციებისა და ჯარიმების ოდენობა.
პარლამენტში შეხვედრა 16:00 საათზე გაიმართება.

















