საქართველოსა და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეხვედრაზე ორი ქვეყნის ურთიერთობებისთვის საინტერესო ყველა საკითხზე იმსჯელეს.
აღნიშნულის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ერკი ტუოიომიასთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.
მინისტრის თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივ ურთიერთობებს, მათ შორის, სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხს. განიხილებოდა საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის საკითხი და საქართველოსა და ფინეთში არსებული პოლიტიკურ-ეკონომიკური ვითარება.
„ფინეთი საქართველოს მეგობარია. მადლიერი ვართ იმ მხარდაჭერისთვის, რასაც ეს სახელმწიფო საქართველოს დამოუკიდებლობისა და ევროკავშირისკენ სწრაფვის საკითხებში იჩენს“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში დღეს აზერბაიჯანიდან ჩამოვიდა.
მას დაგეგმილი აქვს შეხვედრები რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან ეკა ტყეშელაშვილთან და ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებთან.
ფინეთის დელეგაცია ხვალ ერევანში გაემგზავრება.

















