საზოგადოებრივი მოძრაობა „ამომრჩეველთა ლიგა“ საპროტესტო აქციების მუხტს სავარაუდოდ, არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის შემოინახავს.
ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ „ნიუსპრესთან“ საუბარში განაცხადა.
საყვარელიძის თქმით, შესაძლოა, ახალმა საზოგადოებრივმა მოძრაობამ წამყვანი ოპოზიციური ძალების სტრატეგია გაიზიაროს.
„ვფიქრობ, არ იქნება მათი მოქმედება წამყვანი ოპოზიციური ძალების სტრატეგიას მოწყვეტილი. თუ ეს ძალები ჩათვლიან, რომ არჩევნებამდე საპროტესტო აქციები ხელს შეუშლის მათ ნორმალურად ჩატარებას. სავარაუდოა, რომ ეს მუხტი უფრო არჩევნების შემდეგი პერიოდისთვის შემოინახონ“- განაცხადა საყვარელიძემ.
მისი თქმით, თუ „ამომრჩეველთა ლიგა“ სამართლიანი არჩევნებისთვის იბრძვის, ბუნებრივია ის ხელისუფლების ძირითადი კონკურენტის გამარჯვებას შეეცდება, ასეთი კონკურენტი კი, საყვარელიძის აზრით, „ქართული ოცნებაა“.
„არ არის აუცილებელი დამატებითი მოტივების ძებნა. ლიგაში გაერთიანებულ ხალხს ყოველთვის ჰქონდა ხელისუფლების შეცვლის სურვილი“- განმარტა ექსპერტმა.
საზოგადოებრივი მოძრაობა „ამომრჩევლთა ლიგის“ პრეზენტაცია გუშინ გაიმართა. ლიგას ყოფილი დეპუტატი კოკა გუნცაძე ხელმძღვანელობს. ორგანიზაციაში ლევან და გია გაჩეჩილაძეები და გოგა ხაინდრავა გაერთიანდნენ.

















