საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის ნუგზარ წიკლაურის განცხადებით," საზოგადოებრივი
მოძრაობა "ამომრჩეველთა ლიგა" კოლიცია "ქართული ოცნების" ქვედანაყოფია.
"ნიუსპრესთან" საუბარში ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა, რომ "ამომრჩეველთა ლიგის" ამოცანა ქუჩის აქციების მოწყობა და არეულობაა.
"ამ ადამიანების პოლიტიკური წარსული არანაირ იდეებთან და ხედვასთან არ არის დაკავშირებული. ისინი პოლიტიკური ბრძოლოს ინსტრუმენტად ქუჩის აქციებს მიიჩნევდნენ. 2009 წლის აქციები სწორედ გაჩეჩილაძეების და ხაინდრავას მიერ იყო ორგანიზებული. მათი პირველივე ნაბიჯი ახლაც 28 აპრილს ქუჩის აქციასთან არის დაკავშირებული" – განაცხადა წიკლაურემა.
მისივე შეფასებით, ამ ჯგუფის დოქტრინა "მკვდარი ქალაქის" დოქტრინაა, რომელიც გია გაჩეჩილაძემ გამოაქვეყნა.
"მკვდარი ქალაქის" და ჰომსის გამეორება საქართველოში არ მოხდება, გინდა ეს ალასანიას არასერიოზული გამონათქვამი იყოს და გინდა გია გაჩეჩილაძის. ორი არასერიოზული ადამიანის გამონათქვამი" – აღნიშნა წიკლაურმა.
მისივე განცხადებით, "ამომრჩეველთა ლიგა" ქართული ოცნების ზონდერჯგუფი იქნება, რომელიც სხვა ხერხებითა და მეთოდებით მოემსახურება "ქართული ოცნების" ინტერესებს.
"ამომრჩეველთა ლიგის" პრეზენტაცია გუშინ მოხდა. მასში შედიან ძმები გაჩეჩილაძეები, თავდაცვის ყოფილი მინისტრი გია ყარყარაშვილი, გოგა ხაინდრავა, კოკა გუნცაძე და სხვები.
"ამომრჩეველთა ლიგა" 28 აპრილს თბილისში მშვიდობიანი მანიფესტაციის ჩატარების ინიციატივით გამოვიდა.

















