ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და ნატო-ს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის შეხვედრა უკვე დაიწყო.
როგორც შეხვედრამდე გამართულ ბრიფინგზე რასმუსენმა განაცხადა, მხარეები ნატო-სთან თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოში გატარებულ რეფორმებსა და მიღწეულ პროგრესს განიხილავენ.
მისი თქმით, ნატო იმ წვლილს აფასებს, რომელიც საქართველოს ალიანსის მიერ განხორციელებულ ავღანურ ოპერაციაში შეაქვს.
"შეხვედრა ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში გაიმართება, რომელიც ჩვენი თანამშრომლობის მთავარი ფორმატია, ვისაუბრებთ რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე" - აღნიშნა რასმუსენმა.
მისი თქმით, ოპერაციებში საქართველო თავისი წვლილის გაორმაგებას აპირებს, რის შემდეგაც ის ნატო-ს არაწევრ ქვეყნებს შორის ყველაზე დიდ კონტრიბუტორად იქცევა.
"ყველა მოკავშირე ამას დიდად აფასებს და ეს ცალსახად მეტყველებს საქართველოს ატლანტიკური ალიანსის ერთგულებაზე. კიდევ ერთხელ გამოვაცხადებთ იმას, რაც 2008 წელს ნატო-ს ბუქარესტის სამიტზე ვთქვით, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი.
მიხეილ სააკაშვილი დღეს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.

















