კოალიცია "არჩევანის თავისუფლებისთვის" ჟურნალ "ფორბს ჯორჯიას" ყოფილი მთავარი რედაქტორის რევაზ საყევარიშვილის მიერ მომზადებულ ინტერვიუში ვერავითარ პლაგიატს ვერ ხედავს.
როგორც კოალიციის მიერ "ფორბს ჯორჯია"-სთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 27 მარტს ჟურნალის მთავარმა რედაქტორმა რევაზ საყევარიშვილმა დამფუძნებლის მხრიდან, სარედაქციო საქმიანობაში უხეში ჩარევისა და გამოცემის დამოუკიდებლობის შეზღუდვის მცდელობის გამო, პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა.
განცხადების თანახმად, საყევარიშვილი გამომცემლობამ პლაგიატში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მთავარი რედაქტორი სარედაქციო პოლიტიკის იურიდიული და ეთიკური ასპექტების დარღვევისთვის გაათავისუფლეს.
კოალიციამ "არჩევანის თავისუფლებისათვის" შეისწავლა როგორც რუსული "ვედომოსტის" 2005 წლის 7 აპრილის სტატია, ისე რევაზ საყევარიშვილის მიერ მომზადებული ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან და აღინიშნა, რომ ამ ორ სარედაქციო მასალას შორის მსგავსება მხოლოდ ერთიდაიგივე რესპოდენტი და მისი ბიოგრაფიაა.
"შესაბამისად, რევაზ საყევარიშვილის მიერ მომზადებულ ინტერვიუში არავითარი პლაგიატი არ იკვეთება"- ნათქვამია განცხადებაში.
კოალიცია მიიჩნევს, რომ "ფორბს ჯორჯია"-მ რევაზ საყევარიშვილის პლაგიატში დადანაშაულებით ჟურნალისტის ღირსება შელახა.
"ამიტომაც, მოვითხოვთ გამოცემისგან, ან ფაქტებით დაადასტუროს პლაგიატი, ან საჯაროდ უარყოს ბრალდება, რომელიც რევაზ საყევარიშვილის, როგორც ჟურნალისტის, აშკარა დისკრედიტაციისკენ არის მიმართული" - აღნიშნულია განცხადებაში.
"ფორბს ჯორჯიას" მთავარი რედაქტორის რევაზ საყევარიშვილის განცხადებით, თანამდებობა მან ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს გამოქვეყნების პროცესში ბარიერების შექმნის, კერძოდ, დამფუძნებლის მხრიდან სარედაქციო საქმიანობაში უხეში ჩარევის მცდელობის გამო, პროტესტის ნიშნად დატოვა.
სააქციო საზოგადოება "მედია პარტნერსი" კი, რომელიც ჟურნალ "ფორბს ჯორჯიას" საგამომცემლო უფლებას ფლობს, ყოფილი რედაქტორის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზად მისი მხრიდან საგამომცემლო ეთიკის უხეშ დარღვევას ასახელებს.

















