ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ჯონ ბასი დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს შეხვდება და მედიის წარმომადგენლებთან მრგვალ მაგიდას გამართავს.
ამის შესახებ "ნიუსპრესს" ამერიკის საელჩოდან აცნობეს.
გარდა ამისა, ბასი 3 და 4 აპრილს ბათუმში, ფოთსა და ქუთაისში დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში, საჯარო ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.
ის დღეს ბათუმში, ხოლო ხვალ ქუთაისში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებს გახსნის. ელჩი დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში პოლიტიკური პარტიებისა და პრესის წარამომადგენლებს შეხვდება.
საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში 8 მსგავსი ცენტრი უკვე მუშაობს. ისინი საზოგადოებისთვის აქტუალური საკითხების განხილვის მიზნით შეიქმნა. ამერიკის მთავრობამ მათ დასაფინანსებლად 5 მლნ აშშ დოლრი გამოყო.
დღესვე, ჯონ ბასი ბათუმში ცხოველთა ჯანდაცვის ეროვნულ კონფერენციას გახსნის. კონფერენციის მიზანი საქართველოში ცხოველთა დაავადებების აღმოჩენისა და მკურნალობის ხელშეწყობაა.
რაც შეეხება 4 აპრილს დაგეგმილ ღონისძიებებს, აშშ-ს ელჩი ხვალ ფოთში ტელეკომპანია "მე–9 ტალღას" ეწვევა. ის ასევე, "ოპიკის" სესხით აშენებულ მაცივარ–საწყობს დაათავლიერებს.

















