ე.წ სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატები რეგიონში ბოლო დროს განვითარებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარებით შეშფოთებული არიან.
როგორც "ოსინფორმი" იუწყება, შესაბამისი შინაარსის ერთობლივი განცხადება დიმიტრი მედოევმა, დავით სანაკოევმა, მორის სანაკოევმა, იგორ ალბოროვმა, რუსლან ბეგაევმა, სერგეი ბიტიევმა და მურატ გუჩმაზოვმა გაავრცელეს.
დე-ფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატების თქმით, მათ გააზრებული აქვთ ე.წ. სამხრეთ ოსეთში არსებული პრობლემები და მათი არჩევის შემთხვევაში შეეცდებიან, რეგიონში სტაბილურობისა და ერთიანობის დამყარებას და დამოუკიდებლობის დაცვას.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ არანაირ გარე ძალებს არ ექნებათ უფლება, რეგიონის შიდა საქმეებში ჩაერიონ. დე-ფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატების განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნები ე.წ. სამხრეთ ოსეთში მოქმედი კანონმდებლობისა და დემოკრატიის უმთავრესი პრინციპების დაცვით უნდა ჩატარდეს.
ცხინვალის რეგიონში დე-ფაქტო პრეზიდენტის არჩევნები 2012 წლის 25 მარტს არის დანიშნული.

















