საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაური "ქართული ოცნების" წევრთა განცხადებებს "ირაციონალურ მუქარად" აფასებს.
ჟურნალისტებთან საუბარში წიკლაურმა განაცხადა, რომ ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხზე გადაწყვეტილებას კანონის დაცვით მიიღებს.
"რაც შეეხება პოლიტიკურ სპეკულაციებს და ირაციონალურ მუქარას ამ პოლიტიკური ძალის მხრიდან, ეს ახალი ამბავი არ არის" - განაცხადა წიკლაურმა და აღნიშნა, რომ ის თუ რამდენად მყარი საფუძველია ამ მუქარისთვის, NDI-ის კვლევებმა და კოალიციის მიერ მიღებულმა შედეგმა დაადასტურა.
მისი თქმით, "ქართული ოცნების" პოლიტიკური მიმართულებები, განსაკუთრებით კი, საგარეო კუთხით, უკვე განსაზღვრულია.
წიკლაურის განცხადებით, კოალიცია საქართველოში რუსული ძალის წარმომადგენელია, რასაც, ქართველი ხალხი შესაბამის პასუხს გასცემს.
"ქართული ოცნების" პრეს-სპიკერმა მაია ფანჯიკიძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა, რომ ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით ხელისუფლებაზე ისეთი ზეწოლა ხორციელდება, რომ იგი უარის თქმას ვერ გაბედავს.

















