21 წლის გიორგი სიბაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებული ჟურნალისტი სოფო ნიკოლაშვილს გირაოს სახით 5 000 ლარის გადახდა დააკისრეს და
სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ რადიო "ჰერეთი" იუწყება.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვახტანგ მრევლაშვილმა საპროცესო კოდექსის მე-9 და 182 მუხლის საფუძველზე ბრალდებულის მხარის მოთხოვნა დღეს დააკმაყოფილა.
გაზეთ "კახეთის ხმის" ყოფილი ჟურნალისტი სოფო ნიკოლაშვილი 31 იანვარს 21 წლის გიორგი სიბაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დააკავეს. სიბაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომელია. მისი მამა გოჩა სიბაშვილი კი, გურჯაანის პოლიციის უფროსის მოადგილე.
გარდა ამისა, 21 წლის გიორგი სიბაშვილი, კახეთის ვიცე-გუბერნატორის გიორგი სიბაშვილის ძმის შვილია.
ბრალდებულის მამა დავით ნიკოლაშვილი მომხდარს მის წინააღმდეგ განხორციელებულ ზეწოლად აფასებს. იგი ბიძინა ივანიშვილის კოალიცია "ქართული ოცნების" აქტივისტია.

















