საქართველო-რუსეთის საზღვარზე ტვირთბრუნვის მონიტორინგის განმახორციელებელი კომპანია შერჩეული არ არის და ამ საკითხზე შვეიცარული მხარე მუშაობს.
"როგორც კი შვეიცარული მხარე თავის არჩევანს გააკეთებს, ეს საკითხი საჯარო გახდება. თუმცა, რადგან შვეიცარულ მხარეს კომპანია ჯერ არ შეურჩევია, ამ ეტაპზე ოფიციალური ინფორმაცია არ გვაქვს" - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღეს ტრადიციულ ბრიფინგზე.
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების ფარგლებში საქართველოსა და რუსეთს შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, საზღვრის სამ მონაკვეთზე - ფსოუზე, ლარსსა და როკზე, ტვირთბრუნვის მონიტორინგის განხორციელების მიზნით კერძო კომპანია უნდა შეირჩეს. კომპანიას შვეიცარია შეარჩევს.

















