"სოციალ-დემოკრატიული პარტია" და "ქართული ოცნება" არაკოალიციურ ფორმატში თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ განცხადება დღეს ბრიფინგზე "ქართული
ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ გააკეთა.
მისი ინფორმაციით, ივანიშვილი "სოციალ-დემოკრატიული პარტიის" თავმჯდომარეს გია ჟორჟოლიანს რამდენიმე დღის წინ შეხვდა. შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ "სოციალ-დემოკრატებს" რომელიმე საარჩევნო ოლქში ძლიერი მაჟორიტარი კანდიდატი ეყოლება, "ქართული ოცნება" თავისი რესურსით მხარს დაუჭერს მის კანდიდატს.
"მიუხედავად მხარეთა სრულიად განსხვავებული პლატფორმისა, თანამშრომლობის ეს ფორმა თავისთავად უპრეცედენტოა. საზოგადოებისთვის ნათელი გახდა, რომ ურთიერთგაგების შემთხვევაში წინასაარჩევნო პერიოდში სხვა პარტიასთან არაკოალიციური ფორმატით თანამშრომლობა საინტერესოც არის და სასარგებლოც"- განაცხადა ფანჯიკიძემ.
როგორც პრესსპიკერმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილი ევროკავშირში რუსეთის აღმოსავლეთ პარტნიორობის ცენტრალური აზიის რეგიონალური თანამშრომლობისა და ეუთო-ს დეპარტამენტის დირექტორს გუნარს ვინარს და საქართველოში ევროკავშირის ელჩს ფილიპ დიმიტროვს შეხვდა.
საქართველოში არსებული წინასაარჩევნო ვითარება და დემოკრატიის განვითარებისთვის მომავალი არჩევნების მნიშვნელობა იყო შეხვედრებზე საუბრის ძირითადი თემა. საუბარი ასევე შეეხო ეუთო-ს ეგიდით, გრძელვადიანი დამკვირვებლების საქართველოში ჩამოყვანას "- აღნიშნა ფანჯიკიძემ.
მისი თქმით, როგორც ვინარმა ისე დიმიტროვმა საქართველოში გრძელვადიანი დამკვირვებლების გამოგზავნაზე მზადყოფნა გამოთქვეს.

















