ქართული მხარე კანადაში ჩაძირულ გემზე გარდაცვლილი ქართველის 43 წლის თენგიზ მოწონელიძის სამშობლოში გადმოსვენების საქმეში აქტიურადაა ჩაბმული. ამის შესახებ საგარეო
საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღეს ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ქართულ მხარეს აღნიშნულთან დაკავშირებით საკმაოდ მწირი ინფორმაცია აქვს, რადგან გემის ჩაძირვის საქმეს ინტერპოლი იძიებს. ეს უწყება ფაქტების გასაჯაროებისგან თავს იკავებს.
თუმცა, მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ საქართველოს წარმომადგენლობასთან კანადაში კავშირი უწყვეტ რეჟიმში ხორცილედება და ქართული მხარე შესაბამის ინფორმაციას იღებს.
"მას შემდეგ, რაც კანადიდან ტექნიკური სახის ინფორმაციას მივიღებთ, სახელმწიფო შეეცდება ოჯახის წევრებს ყველანაირი სახის დახმარება აღმოუჩინოს" - განაცხადა კალანდაძემ.
როგორც ცნობილია, გემმა "ტაბასკომ" კატასტროფა პროვინცია ახალი შოტლანდიის ნაპირებთან ამინდის გაუარესების გამო განიცადა. გემზე რამდენიმე ქართველი იმყოფებოდა, ერთი გარდაიცვალა და სამი კი - დაკარგულად ითვლება.

















