საერთაშორისო ზეწოლისა და საქართველოს მოსახლეობის ნების გამო, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვერ გაბედავს, რომ ბიძინა
ივანიშვილს მოქალაქეობა არ აღუდგინოს. ამის შესახებ დღეს ბრიფინგზე "ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამ საკითხს ორი, სამართლებრივი და პოლიტიკური მხარე აქვს.
იგი მიიჩნევს, რომ ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭება ჩვეულებრივი საქმე არ არის და ხელისუფლებას გადაწყვეტილების მისაღებად დიდი დრო ამიტომაც დასჭირდა.
"5 აპრილი იყო ჩვეულებრივი თარიღი, როცა ეს საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო. იუსტიციის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ 3-4 დღით შესაძლოა ვადამ გადაიწიოს, რაც ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებისთვის ეს მტკივნეული თემაა. მას ეშინია, მოქალაქეობის დაბრუნების შემთხვევაში ივანიშვილის პოლიტიკურად გააქტიურებისა" - აღნიშნა ფანჯიკიძემ.
ამასთან, მისი თქმით, ექნება თუ არა ივანიშვილს მოქალაქეობა, "ქართულ ოცნება" თავისი კონკრეტული გეგმით იმოქმედებს.
"რაც უფრო გადაიწევს ივანიშვილისთის მოქალაქეობის მინიჭების თარიღი, ხელისუფლება საკუთარ რეალურ სახეს მით უფრო გამოაჩენს" - განაცხადა ფანჯიკიძემ.

















