საქართველოს ხელისუფლების ამოცანა არჩევნების მაქსიმალურად გამჭირვალედ და სუფთად ჩატარებაა.
ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ევროპის სახალხო პარტიის ვიცე-პრეზიდენტ იაცეკ სარიუშ ვოლსკთან და ევრონესტში ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, არჩევნების სუფთად და გამჭირვალედ ჩატარება დემოკრატიის განვითარებისა და საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საკითხია.
„ჩვენი ღრმა ხედვა, საბოლოოდ, ეფუძნება ერთიანი, მშვიდობიანი კავკასიის ხედვას და ამ კურსიდან არასდროს გადავუხვევთ. ჩვენი ქვეყნებისთვის ამას ალტერნატივა არ აქვს. საქართველოსთვის საპარლამენტო თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, წელს, რადგან საქართველოში საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს და ახალი პარლამენტი უნდა ავირჩიოთ“ - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, საქართველოს ბევრი უცხოელი დამკვირვებელი სჭირდება, არა მხოლოდ არჩევნების დღეს, არამედ დღესაც და ხვალაც.
„შემთხვევითი არ არის, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ჩვენმა მეზობელმა დანიშნა დიდი სამხედრო სწავლებები სექტემბრის მეორე ნახევარში და ეს დამთხვევა ნამდვილად არ არის. ამას გარდა, ყველა ღონეს იხმარს ამ არჩევნების დისკრედიტაციისთვის და, ერთი მხრივ, ძალის გამოყენებით ქართველები დააშინოს, ხოლო, მეორე მხრივ, ამავე ქვეყნიდან შემოსული ფულის გამოყენებით, ქართველი ამომრჩეველი მოისყიდოს“ - განაცხადა პრეზიდენტმა.
როგორც იგი აღნიშნავს, 2008 წელმა აჩვენა, რომ დაშინებითა და მოსყიდვით საქართველოს ნების შეცვლა შეუძლებელია.

















