საქართველოს მოსახლეობას ნამდვილი თავისუფლება მოსაპოვებელი აქვს.
ამის შესახებ პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც რეფერენდუმის ჩატარების დღესთან დაკავშირებით გავრცელდა.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას თაოსნობით 9 აპრილს საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
31 მარტი საქართველოს მრავალეროვანი მოსახლეობის ერთიანი თავისუფალი ნების დეკლარირებად იქცა.
„დამოუკიდებლობის 21 წლის მანძილზე ჩვენმა ქვეყანამ მძიმე გზა გაიარა. დღეს კი ისევ ჩვენი ეროვნული ფასეულობების, ტრადიციებისა და თვითმყოფადობის დასაცავად გვიწევს ბრძოლა. ქვეყანა დემოკრატიული განვითარების გზაზეა დასაყენებელი. ეს მეტად საპასუხისმგებლო და რთული ბრძოლაა, გამარჯვება კი მხოლოდ ერთიანობით და სამშობლოს ღირსეული მომავლისათვის თავდადებული ბრძოლით მიიღწევა“- ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

















